გორიჯვარი
გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ გორიჯვარში, გორიჯვრის მთაზე მდებარეობს. იგი XX საუკუნის ძეგლია. ტაძარი აგებულია ადრე შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესიის ადგილას 1920 წლის გორის მიწისძვრის შემდეგ. ნაგებია აგურით. ფასადები სრულდება სადა, თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესიას აქვს თაღოვანი კარი და სარკმლები. ტაძრის გვერდით დგას აგურითვე ნაგები სამრეკლო, რომლის მეორე სართულიც ოთხივე მხარეს თაღითაა გახსნილი. ეკლესიას გარს ერტყმის VIII საუკუნის გალავანი, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია. გალავანი ორმაგია, მიჰვება მთის რელიეფს და გამაგრებულია კონტრფორსებით. გორიჯვრის ეკლესიიდან ვრცელი და ძალიან ლამაზი ხედი იშლება.